არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ქალთა ფონდი „სოხუმი“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, 2021 წლის იანვრიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით ახორციელებს პროექტს: „ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“.
პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის ხელშეწყობა, ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში ქალთა ორგანიზაციების, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით.
პროექტის ფარგლებში, 2023 წელს ორგანიზაციების კოალიციამ მოამზადა კვლევა „საქართველოში გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების შეფასება - ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზთან და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა და მისი გენდერული განზომილებები“. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს იძულებით გადაადგილებულმა პირებმა და კონფლიქტით დაზარალებულმა ქალებმა და მოახდინეს საკუთარ თემებში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება (დევნილთა დასახლებებში და გამყოფ ხაზთან, 17 მუნიციპალიტეტში: მცხეთის, დუშეთის, ქარელის, გორის, კასპის, ხაშურის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, წყალტუბოს, ქუთაისის, ხონის, საჩხერის, ზუგდიდის, წალენჯიხის და სენაკის, მესტიისა და ონის მუნიციპალიტეტებში), რომელიც დაკავშირებულია განსახლების და ინფრასტრუქტურის, სერვისებზე წვდომის, სოფლის მეურნეობის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ადამიანის უსაფრთხოების, გენდერული ნიშნით ძალადობისა და სხვა მიმართულებით არსებულ გამომწვევებთან. პროექტის განხორციელების შედეგად ადგილობრივ დონეზე გადაიჭრა გამოვლენილი პრობლემები, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინციას ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების განხორციელების თვალსაზრისით. ასევე, პროექტის ფარგლებში შეიქმნა „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელი“, რომელიც აქტიურად ახორციელებს დევნილი და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის ადვოკატირებას.
მიმდინარე პროექტით განსაზღვრულ აქტივობებში მონაწილეობას იღებენ დევნილები (დევნილთა დასახლებების ან კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები), გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ქალები და ახალგაზრდები 17 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან, ესენია: მცხეთა, დუშეთი, ქარელი, გორი, კასპი, ხაშური, თეთრიწყარო, გარდაბანი, წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, საჩხერე, ზუგდიდი, წალენჯიხა და სენაკი. ასევე დაგეგმილია გარკვეული ღონისძიებები მესტიისა და ონის მუნიციპალიტეტებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ადვოკატირების შეხვედრები მუნიციპალიტეტების გამგეობებთან და საკრებულოებთან. პროექტი მიმართულია სამიზნე მუნიციპალიტეტებში ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებასა და ლიდერებად ჩამოყალიბებაზე, რომლებსაც შეეძლებათ არსებული ან პოტენციური პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირება, საჭიროებებზე შესაბამისი რეაგირება, საკუთარი და თემის ინტერესების წარმოჩენა და ადვოკატირება ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე და/ან სხვა თემატურ უწყებებთან.
დამატებით, დაგეგმილია „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის“ წევრი დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების გაძლიერება და მათ მიერ წამოჭრილი საკითხების ადვოკატირების მხარდაჭერა, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ, აქტიურად ჩაერთონ მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა