
გლობალური მშვიდობის მშენებლობისთვის მნიშვნელოვან წელს, საქართველოში ახალგაზრდა მშვიდობის მშენებელი ქალების ინიციატივით, გაიმართა დიალოგი ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების (WPS) და ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოების (YPS) დღის წესრიგების გარშემო.
ღონისძიება “დღის წესრიგების დაკავშირება: ახალგაზრდა ქალები უძღვებიან დიალოგს WPS და YPS თემებზე საქართველოში” ეძღვნებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციის 25 წლის და 2250-ე რეზოლუციის 10 წლის იუბილეებს: ორ საიუბილეო თარიღს, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალეს საერთაშორისო ხედვა ინკლუზიურ და მდგრად მშვიდობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ახალგაზრდული საინიციატივო ქსელის „მე-16 ელემენტი“ პარტნიორობით, დანიიის საელჩოს მხარდაჭერით.
დიალოგმა გააერთიანა ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები, სტუდენტები, მკვლევრები და გამოცდილ სამშვიდობო ექსპერტები, რათა მათივე რეკომენდაციები მომავალში აისახოს საერთაშორისო პლატფორმაზე.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, UNDP-ისა და დანიიის საელჩოს წარმომადგენლებმა, ხოლო პირველ პანელზე მათ შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ლატვიის არასამთავრობო ორგანიზაცია Women for Security-ის წარმომადგენელის, ევა კირსტეინეს მოხსენებისთვის, რომელმაც ისაუბრა WPS დღის წესრიგის გლობალურ განვითარებაზე და გააზიარა ლატვიის გამოცდილება ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მიმართულებით.
ასევე „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელმა და ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოების ექსპერტმა, ივანე აბრამაშვილმა მიმოიხილა YPS დღის წესრიგის ათწლიანი შედეგები, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიერ გაწეული ადვოკატირების აქტივობები კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში.
მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად გლობალური პროგრესისა, ორივე დღის წესრიგი კვლავ აწყდება მნიშვნელოვან გამოწვევებს: ქალებისა და ახალგაზრდების შეზღუდულ მონაწილეობას ფორმალურ სამშვიდობო პროცესებში, ციფრულ საფრთხეებსა და მზარდ პოლარიზაციას.
ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ ნაწილს წარმოადგენდა თაობათაშორისი დიალოგი, სადაც გამოცდილ სამშვიდობო ლიდერებსა და ახალგაზრდა აქტივისტებს შორის გამართულმა დიალოგმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მსგავსი ფორმატის მნიშვნელობას. პანელის მომხსენებლები იყვნენ: ქალთა საინფორმაციო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ელენე რუსეცკაია; UNDP-ის მონიტორინგისა და შეფასების ანალიტიკოსი გურანდა ბურსულია; მკვლევარი და „მე-16 ელემენტის“ თანადამფუძნებელი გიორგი რიჟვაძე; ასევე, მშვიდობის ელჩი ქალები და ახალგაზრდების ქსელიდან თიკო ლაგვილავა.
„თაობათა შორის დიალოგი უმნიშვნელოვანესია, რადგან რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ახლა, შესაძლოა, უკვე გაკეთებულია ან მსგავსი ინიციატივა უკვე არსებობს. ვიღაცამ უკვე გაიარა ეს გზა სასიკეთო ცვლილებების მისაღწევად და ორმაგი რესურსის დახარჯვის ნაცვლად, ჩვენ ძალები უნდა გავაერთიანოთ. ამიტომ ღირებულია ამ საკითხებზე დიალოგი: ერთი მხრივ, გაგიზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, მეორე მხრივ კი გავიგოთ თქვენგან ხედვები. მხოლოდ ეს კონსოლიდაცია მოგვცემს რეალურ შედეგებს“,- აღნიშნა ქალთა საინფორმაციო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ელენე რუსეცკაიამ.
ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების მიერ, ადგილობრივ დონეზე წარმატებით განხორციელებულ ინიციატივებზე და მათ როლზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე, ხაზი გაესვა იმ ღირებული ცოდნის საჭიროებას, რომელიც იქმნება რეალური გამოცდილებისა და ინსტიტუციური ექსპერტიზის კომბინაციით.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















