
14 ოქტომბერს, თეატრ „სკენეში“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ქალები, კონგრესის ორგანიზატორები და მოწვეული სტუმრები შეიკრიბნენ.
საღამო გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women Georgia) მიერ გამოცემული პუბლიკაციის - „ცვლილებების ხმა: პროგრესისთვის მებრძოლი ქალები საქართველოში“ - წარდგენით დაიწყო.
გამოცემა XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქალებს ეძღვნება, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებაში. პუბლიკაციაში თავმოყრილი ისტორიული მასალები წარმოაჩენს ქალთა როლს განათლების, ქალთა უფლებებისა და თანასწორობის მიმართულებით და გვახსენებს, რომ ქალები საქართველოს პროგრესის მნიშვნელოვანი მონაწილეები ყოველთვის იყვნენ.
წიგნის წარდგენას მწერალ თამთა მელაშვილთან დისკუსია მოჰყვა. საუბარი შეეხო ქალთა გამოცდილებას, ლიტერატურასა და საზოგადოებრივი ცვლილებების პროცესში ქალთა ხმის მნიშვნელობას.

საღამოს მეორე ნაწილი Playback თეატრის ინტერაქტიულ წარმოდგენას დაეთმო. წარმოდგენის დროს, ყველას შეეძლო საკუთარი ამბის მოყოლა და იმის განცდა, რომ მას ყურადღებით უსმენდნენ.
მონაწილეები ერთმანეთს უზიარებდნენ პირად ისტორიებს, ემოციებსა და გამოცდილებას, მსახიობები კი მოსმენილ ამბებს სცენაზე აცოცხლებდნენ. ასე იქმნებოდა გარემო, სადაც ინდივიდუალური ისტორიები საერთო გამოცდილებად იქცა, ერთმანეთის მოსმენა კი თანაგანცდისა და კავშირის საფუძვლად.
კულტურული პროგრამა წინ უძღოდა კონგრესის ძირითად ღონისძიებებს და მიზნად ისახავდა მონაწილეების ერთმანეთთან დაახლოებას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი კავშირების დამყარებას.
15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ქალთა II კონგრესი გაიმართა. წლევანდელი კონგრესი სოფლად მცხოვრები ქალების ხმას, ლიდერობასა და ინკლუზიურ განვითარებას მიეძღვნა და 300-მდე მონაწილეს აერთიანებდა
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
















