ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
სოფლად მცხოვრები ქალების ლიდერობა, უფლებები და მონაწილეობა - საქართველოს ქალთა II კონგრესის I პანელი
2026-10-21 15:11:31

15 ოქტომბერს, საქართველოს ქალთა II კონგრესის ფარგლებში, გაიმართა პანელი „სოფლად მცხოვრები ქალების ლიდერობა, უფლებები და მონაწილეობა“, რომელიც რეგიონებში მცხოვრები ქალების გამოცდილებას, ადგილობრივ საჭიროებებსა და ცვლილებების შექმნის პროცესში მათ როლს დაეთმო.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) საქართველოს პროგრამის სპეციალისტის, თამარ ვაშაკიძის მოდერაციით, პანელის მონაწილეებმა განიხილეს ქალთა ლიდერობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობები, სათემო ინიციატივების მნიშვნელობა და ის გამოწვევები, რომლებიც ქალების უფლებების რეალიზებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათ ჩართულობას აფერხებს.

დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო უსაფრთხო და ნდობაზე დაფუძნებული გარემოს მნიშვნელობა ქალთა გაძლიერებისა და ლიდერობისთვის. 

განათლებაზე, ცოდნაზე, რესურსებსა და მხარდამჭერ ქსელებზე ხელმისაწვდომობა ქალებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და თემში ცვლილებების ინიციირების საშუალებას აძლევს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სათემო სივრცეებსა და ინიციატივებს, რომლებიც ქალებს თანამშრომლობის, საკუთარი ხმის გაჟღერებისა და ადგილობრივი საჭიროებების ადვოკატირების შესაძლებლობას უქმნის.

პანელზე ასევე გამოიკვეთა ის სისტემური ბარიერები, რომლებიც ქალების ყოველდღიურ ცხოვრებასა და განვითარებაზე გავლენას ახდენს. მათ შორისაა ჯანდაცვისა და სხვა აუცილებელ სერვისებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა, სატრანსპორტო და ინფორმაციული ბარიერები, ეკონომიკური შესაძლებლობების სიმცირე, ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული წვდომა, აუნაზღაურებელი შრომა და ზრუნვის პასუხისმგებლობის არათანაბარი განაწილება.

ყურადღება გამახვილდა დასაქმებისას არსებულ უთანასწორობაზე, ქალთა ინიციატივების არასაკმარის მხარდაჭერასა და შეჩერებული პროექტების გავლენაზეც.

მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ქალთა გაძლიერება მხოლოდ ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებას არ გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ მათ საზოგადოებრივ მონაწილეობას რეალური გავლენა, რესურსებზე წვდომა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ქმედითი ჩართულობა მოჰყვეს. ამასთან, განსხვავებული ეთნიკური, კულტურული და რეგიონული კონტექსტების გათვალისწინება აუცილებელია, რათა მხარდაჭერა ადგილობრივ საჭიროებებს პასუხობდეს.

პანელის მთავარი გზავნილი: სოფლად მცხოვრები ქალების ლიდერობისა და თანასწორი მონაწილეობის გასაძლიერებლად საჭიროა არა მხოლოდ მათი ინიციატივების წახალისება, არამედ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ქალებს ექნებათ საჭირო რესურსები, ხელმისაწვდომი სერვისები და გადაწყვეტილებებზე რეალური გავლენის შესაძლებლობა.

საქართველოს ქალთა II კონგრესმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა რეგიონებში მცხოვრები ქალების გამოცდილების მოსმენის, მათი საჭიროებების გათვალისწინებისა და ქალთა უფლებების, ლიდერობისა და მონაწილეობის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ქალთა II კონგრესი გაიმართა. წლევანდელი კონგრესი სოფლად მცხოვრები ქალების ხმას, ლიდერობასა და ინკლუზიურ განვითარებას მიეძღვნა და 300-მდე მონაწილეს აერთიანებდა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

Right Banner