ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალები, მშვიდობა, წყლის დიპლომატია და ძლიერი თემი — საქართველოს ქალთა II კონგრესის IV პანელი
2026-10-28 18:00:44

როგორ შეუძლიათ ქალებს, ადგილობრივ თემებში ლიდერობის, თანამშრომლობისა და სამოქალაქო აქტივიზმის გზით, მშვიდობის მშენებლობასა და ადგილობრივი სტაბილურობის გაძლიერებაში წვლილის შეტანა? რა როლი აქვს ქალების მონაწილეობას ბუნებრივი რესურსების მართვაში, ნდობის აღდგენასა და კონფლიქტით დაზარალებული თემების მედეგობის გაძლიერებაში? ამ საკითხებს დაეთმო საქართველოს ქალთა II კონგრესის მეოთხე პანელი -"ქალები, მშვიდობა, წყლის დიპლომატია და ძლიერი თემი“.

პანელი გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) საქართველოს პროგრამის სპეციალისტის, თამარ ლობჯანიძისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს პროექტის მენეჯერის, მარიამ ბეგიაშვილის თანამოდერატორობით გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეებმა ქალების როლი მშვიდობის მშენებლობაში, რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობები და ის გამოწვევები განიხილეს, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებულ თემებსა და ადგილობრივ საზოგადოებებს აქვთ.


დისკუსიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წყლის დიპლომატია, ბუნებრივი რესურსების მართვა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობა იყო. „ქალები წყლის დიპლომატიისა და მშვიდობისთვის“ წარმომადგენელმა მარიამ ყვავაძემ ყურადღება გაამახვილა წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მართვის, თანამშრომლობისა და თემების მედეგობის ურთიერთკავშირზე. განხილვამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ საერთო რესურსების გარშემო დიალოგსა და თანამშრომლობას შეუძლია ნდობის გაძლიერებისა და მშვიდობიანი თანაარსებობის ხელშეწყობა.

პანელზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო კონფლიქტის მეხსიერებასა და ქალების გამოცდილებას. მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარმა და სამოქალაქო აქტივისტმა ელიკო ბენდელიანმა ისაუბრა ქალების ხმების მნიშვნელობაზე კონფლიქტების გააზრებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში. ქალების გამოცდილების, მეხსიერებისა და პერსპექტივების გათვალისწინება მნიშვნელოვანია როგორც წარსულის გააზრებისთვის, ისე ისეთი მშვიდობის მშენებლობისთვის, რომელიც ადამიანების რეალურ საჭიროებებსა და გამოცდილებას ეფუძნება.

ადგილობრივი ლიდერობისა და სათემო ორგანიზების საკითხებზე ისაუბრა სვანეთის წარმომადგენელმა ნატო სუბარმა. მისი მონაწილეობით გამოიკვეთა ადგილობრივი ქალების როლი სოციალური აქტივიზმის, სათემო ინიციატივებისა და თემის მდგრადობის გაძლიერებაში. ადგილობრივ დონეზე ქალების ჩართულობა ქმნის შესაძლებლობას, უკეთ გამოიკვეთოს თემების საჭიროებები, გაძლიერდეს მოქალაქეთა მონაწილეობა და მშვიდობის მშენებლობის პროცესი ყოველდღიურ ცხოვრებას დაუკავშირდეს.

დისკუსიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების საჭიროებები და მათი მონაწილეობა მშვიდობისა და ნდობის მშენებლობაში იყო. სამეგრელოში იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ოფისის ხელმძღვანელმა და ამ საკითხების ექსპერტმა მაია ჩემია ყურადღება გაამახვილა ქალების პერსპექტივაზე, ადგილობრივ გამოწვევებსა და იმ მნიშვნელობაზე, რომელიც მათ მონაწილეობას აქვს გადაწყვეტილებების მიღებისა და ნდობის აღდგენის პროცესში.

რეგიონული გამოცდილების, თემებს შორის კავშირებისა და მშვიდობის კულტურის გაძლიერების საკითხები წარმოადგინა წყალტუბოს აქტივისტმა, „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის“ წევრმა ქრისტინე ქუთათელაძემ. დისკუსიამ წარმოაჩინა ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა დიალოგის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაში.

პანელის მონაწილეთა გამოცდილებებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ მდგრადი მშვიდობა მხოლოდ კონფლიქტის არარსებობას არ გულისხმობს. ის მოითხოვს ადგილობრივი თემების გაძლიერებას, ნდობის აღდგენას, საერთო რესურსების გონივრულ მართვასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ქალებს საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის რეალური შესაძლებლობა აქვთ.

ქალების ლიდერობა, მონაწილეობა და გამოცდილება მშვიდობის მშენებლობის მნიშვნელოვანი საფუძველია — როგორც ადგილობრივ თემებში, ისე უფრო ფართო რეგიონული თანამშრომლობისა და უსაფრთხოების პროცესებში.

15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ქალთა II კონგრესი გაიმართა. წლევანდელი კონგრესი სოფლად მცხოვრები ქალების ხმას, ლიდერობასა და ინკლუზიურ განვითარებას მიეძღვნა და 300-მდე მონაწილეს აერთიანებდა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

Right Banner