
30 ივნისს სოციალური მედიის დღე აღინიშნებოდა. დღე, რომელიც გვახსენებს, რამდენად დიდი გავლენა აქვს ციფრულ სამყაროს ჩვენს ყოველდღიურობაზე, ურთიერთობებსა და საზოგადოებრივ პროცესებზე.
დღეს სოციალური მედია მხოლოდ ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების პლატფორმა აღარ არის. ის სივრცეა, სადაც ადამიანები ქმნიან კავშირებს, პოულობენ მხარდაჭერას, აძლიერებენ ერთმანეთის ხმებს და ახალ შესაძლებლობებსაც ქმნიან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ სივრცეში ყოველთვის ისმოდეს ქალების ხმა, მათი გამოცდილებები, იდეები, საჭიროებები და ისტორიები.
სოციალური მედია ქალებისთვის ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც მხარდაჭერის, გაძლიერებისა და თვითგამოხატვის სივრცე, ისე გამოწვევებით სავსე გარემო. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ ეს პლატფორმები უსაფრთხოდ, პასუხისმგებლიანად და ერთმანეთის მხარდასაჭერად.
ციფრული სივრცე ამარტივებს ცოდნის გაზიარებას, გვაძლევს შესაძლებლობას ვისაუბროთ მნიშვნელოვან საკითხებზე, გავერთიანდეთ საერთო იდეების ირგვლივ და მივაწვდინოთ ხმა მათ, ვისაც ხშირად არ უსმენენ. თუმცა, პოზიტიურ გამოცდილებასთან ერთად, ონლაინ სივრცე საფრთხის შემცველიც შეიძლება იყოს.
დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, მიზოგინია, ციფრული ძალადობა და ონლაინ შევიწროება სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რაც ხდება ონლაინ, ხშირად სცდება ეკრანის საზღვრებს და რეალურ ცხოვრებაში ძალადობის გაგრძელებად იქცევა.
სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ ყველა მნიშვნელოვანი ცვლილების საფუძველი განათლება, ინფორმირება და ცოდნის გაზიარებაა. როდესაც ქალები თავისუფლად და უსაფრთხოდ საუბრობენ, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და მხარდამჭერ სივრცეებს ქმნიან, სოციალური მედია რეალურ ძალად გარდაიქმნება, ძალად, რომელსაც ცვლილებების მოტანა შეუძლია.
სოციალური მედიის დღის ფარგლებში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული სივრცის გამოყენება რეალური ისტორიების გასაზიარებლად და იმ ქალების გასაძლიერებლად, რომლებიც საკუთარ თემებში ცვლილებებს ყოველდღიურად ქმნიან.
ერთ-ერთი ბოლო კამპანიის ფარგლებში სწორედ ეს იდეა გავაცოცხლეთ, სოციალური მედიის შესაძლებლობები რეალური ამბების მოსაყოლად გამოვიყენეთ და ქალები, რომლებთანაც წლებია ვთანამშრომლობთ, ილუსტრაციების საშუალებით ფართო აუდიტორიას გავაცანით.
კამპანიის ერთ-ერთი მთავარი გმირები ე.წ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ პერევის მცხოვრებლები, ეკა გოგატიშვილი და ნანა კაპანაძე იყვნენ.
ეკა გოგატიშვილი სოფელში ერთ-ერთი აქტიური ლიდერი ქალია, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ის არაერთი ინიციატივის ავტორი და მნიშვნელოვანი ცვლილებების სულისჩამდგმელია საკუთარ თემში.
ეკას ილუსტრაცია გვიყვებოდა, რომ მშვიდობის მშენებლობა მხოლოდ კონფლიქტის არარსებობა არ არის, ეს არის ყოველდღიური მუშაობა კეთილდღეობისთვის, პროცესებისთვის, რომლებშიც ქალებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ. მისი ისტორია კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს იმას, რომ ქალებს შეუძლიათ თავად გაუწიონ ადვოკატირება იმ საკითხებს, რომლებიც მათი სოფლისა და თემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

ილუსტრაციამ ეკაზე განსაკუთრებული ემოციური გავლენა მოახდინა. საკუთარი სურვილით, მან ილუსტრაცია მაისურზეც გადაიტანა, როგორც მადლიერების და იმ მოტივაციის გამოხატულება, რომელიც კამპანიამ მისცა.
„ვფიქრობ, ასეთი კამპანიები ქალებს უფრო აძლიერებს და მიზნისკენ უბიძგებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ გვერდით ძლიერი ოჯახი და მხარდამჭერი გარემოა. ჯერ კიდევ მიჭირს იმ ემოციების სრულად გადმოცემა, რაც ამ გამოცდილებამ მომიტანა. საოცარი განცდა იყო. ეს ამბები ძალიან ახლოს არის რეალობასთან და სოფელშიც ძალიან დადებითად აღიქვეს,“ - ამბობს ეკა გოგატიშვილი.
კამპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე ნანა კაპანაძე იყო, რომელიც ილუსტრაციაზე მეუღლესთან ერთად გადავიტანეთ. მათი ისტორია გვიყვება პარტნიორობის, თანასწორობისა და საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე, როგორ შეიძლება ოჯახი გახდეს მხარდაჭერისა და განვითარების საფუძველი.
ნანას ილუსტრაცია ოჯახის საერთაშორისო დღეს გამოქვეყნდა და ხაზს უსვამდა იმ მნიშვნელობას, რომელსაც ურთიერთპატივისცემა, თანადგომა და საერთო პასუხისმგებლობები ქმნის.
სოციალური მედიის კამპანიამ ნანაზეც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. როგორც თავად ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანი იყო საკუთარი ისტორიის დანახვა სივრცეში, სადაც ადამიანების ხმა ფართო აუდიტორიამდე აღწევს.
„სოციალური მედია ჩემთვის არის სივრცე, სადაც ცოდნის გაზიარება და ადამიანებთან კომუნიკაცია მარტივად ხდება. ჩემი ილუსტრაცია რომ ვნახე, ძალიან ემოციური იყო, ყველაფერი გულით და სიყვარულით იყო გადმოცემული. სიხარულს ვერ ვმალავდი.
როცა ასეთ პოსტებს ვხედავ, დიდ მოტივაციას და ძალას ვგრძნობ, რომ უფრო მეტი გავაკეთო. ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი სოფლის ახალგაზრდებისთვისაც კარგი მაგალითია, რომ თუ მოინდომებ, შეგიძლია შენი გზა იპოვო და წარმატებას მიაღწიო.
პოსტს ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა, ბევრი კომენტარი, გაზიარება და სატელეფონო ზარი მივიღე. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან სასიამოვნო იყო,“ - ამბობს ნანა კაპანაძე.

მსგავსი ისტორიები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ სოციალური მედია მხოლოდ ვირტუალური სივრცე არ არის. სწორად გამოყენების შემთხვევაში, ის შეიძლება იქცეს მხარდაჭერის, გაძლიერების, გამოცდილებების გაზიარებისა და პოზიტიური ცვლილებების პლატფორმად, სივრცედ, სადაც ქალების ხმა ისმის, ერთმანეთს აძლიერებს და რეალურ გავლენას ქმნის.
თუმცა, ცალკე საკითხია პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენგანი გააზრებულად მოეკიდოს ონლაინ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას, გადავამოწმოთ წყაროები, კრიტიკულად შევაფასოთ მიღებული კონტენტი და არ გავხდეთ დეზინფორმაციის გავრცელების ნაწილი.
ასევე მნიშვნელოვანია, შევქმნათ უსაფრთხო და მხარდამჭერი ონლაინ გარემო, რომელიც დაცლილი ქინება სიძულვილის ენისგან ძალადობისა და დისკრიმინაციისგან. ციფრული სივრცე რეალური ცხოვრების ნაწილია და ნებისმიერ ინფორმაცია, რომელსაც ონლაინ სივრცეში ვაზიარებთ ან ვამბობთ, რეალურ ადამიანებზე და მათ ყოველდღიურობაზე ახდენს გავლენას.
სწორედ ამიტომ, სოციალური მედიის ძალა მხოლოდ ტექნოლოგიებში არ არის, მისი მთავარი ძალა ადამიანებში, ერთმანეთის მხარდაჭერასა და პასუხისმგებლიან კომუნიკაციაშია.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















