ქალთა საინფორმაციო ცენტრი, მისი კოლეგები და მეგობრები, ვეხმაურებით, 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ქალ დეპუტატებს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ადგილი ჰქონდა სექსიზმის, მიზოგინიის, ჰარასმენტის და ბულინგის აშკარად გამოხატულებას.
გვინდა, შევახსენოთ პარლამენტის წევრებს საკანონმდებლო ორგანოს დადგენილება “საქართველოს პარლამენტის წევრისთვის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ”, რომლის აღსრულების პრობლემა ცალსახად გვაქვს. კოდექსის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრისთვის, დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება. (მუხლი 3. ქცევის წესები).
კოდექსის დარღვევა ეწინააღმდეგება მის მიზნებს, რომელიც ემსახურება სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე პარლამენტის წევრისთვის ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტების განსაზღვრას და რომელიც ხელს უნდა უწყობდეს საქართველოს პარლამენტის მიმართ ნდობის ამაღლებას, რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვას.
ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა, საქართველოში, დიდი ძალისხმევა გავწიეთ, გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. ამ დრომდე, ვმუშაობთ შედეგების შენარჩუნებისთვის და სამწუხაროა, რომ დიდი ბრძოლით მოპოვებული მიღწევების გაუმჯობესების ნაცვლად, სახეზეა რეგრესი.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ წარმოუდგენელია, ქვეყანამ მიაღწიოს თანასწორობას მაშინ, როცა ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც თავად უნდა იყოს სწორი პოლიტიკის შემქმნელი და ხელს უწყობდეს უთანასწორობის აღმოფხვრას, უხეშად ირღვევა ქალთა უფლებები და ხელი ეწყობა პატრიარქატის გაძლიერებას. მეტიც, ყოველივე ეს ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას, სტატისტიკურად საგანგაშოდ მზარდი ფემიციდის შემთხვევების ფონზე.
ამასთან, მოვითხოვთ, რომ შეიქმნას ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული, სანქციების დაწესების ქმედითი მექანიზმი იმ დეპუტატების მიმართ, რომლებიც ეთიკის კოდექსს დაარღვევენ. საერთაშორისო პრაქტიკით, სანქციები განსხვავდება ქვეყნისა და საკანონმდებლო ორგანოს მიხედვით და შეიძლება მოიცავდეს სიტყვის უფლების ჩამორთმევას, გაფრთხილებას პარლამენტის თავმჯდომარის ან საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილი პირებისგან, საყვედურს, ფინანსურ ჯარიმას, მანდატის შეჩერებას და გარიცხვას.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, განსაკუთრებით პარლამენტის ეთიკის საბჭოს, პარლამენტის მუდმივმოქმედ გენდერული თანასწორობის საბჭოს და ცალკეულად თითოეულ დეპუტატს, მოახდინონ მყისიერი რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
განცხადება ღიაა ხელმოწერებისთვის და გთხოვთ, დაფიქსირდეთ კომენტარის სახით!!!
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა